
ახალგაზრდობის შესახებ
ბენჯამინ დიზრაელის სიტყვებით: “თითქმის ყველაფერი, რაც დიდებულია, ახალგაზრდების ხელითაა შექმნილი”.
ცხადია, ახალგაზრდობა არის ყველაზე მშვენიერი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ის, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების დროცაა:
ადამიანი ახალგაზრდულ ასაკში უფიქრდება იმას. თუ რომელი პროფესია უნდა აირჩიოს, ვის დაუკავშიროს ბედი, რისი სწამდეს და ა.შ.
იურიდიული განათლების მისაღებად მიმავალი მარტინ ლუთერი უეცრად ცვლის თავის გადაწყვეტილებას და ბერად აღიკვეცება – რითაც შეცვლის ევროპის რუქას, გადაშლის ახალ გვერდს ცივილიზაციის, ეკლესიისა და თეოლოგიის ისტორიაში.
სწორედ სტუდენტობის წლებში უილიამ უილბერფორსმა დაიწყო ფიქრი მონობის ინსტიტუტის უსამართლობაზე. მისივე ძალისხმევით 30 წლის შემდეგ ბრიტანეთში მონობა გაუქმდა.
ტყვეობაში მყოფი ებრაელი ახალგაზრდა დანიელი გადაწყვეტს, დარჩეს უფლის ერთგული უღვთო ქვეყანაში. ცოცხალი ღმერთის მადიდებელი გახდება წარმართი ქვეყნის საკვანძო ფიგურა და გავლენას მოახდენს მაშინდელი მსოფლიოს უძლიერესი იმპერიის პოლიტიკაზე.
XIX საუკუნეში, პეტერბურგში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტები იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ საქართველოს აწმყოსა და მომავალზე. რომ არა ეს ახალგაზრდული სულისკვეთება და ის შეხვედრები, ალბათ საქართველოს არ ეყოლებოდა “თერგდალეულები” და ილია.
სწორედ ახალგაზრდების მიერ, კერძოდ, კი სტუდენტების ინიციატივით და სტუდენტობისათვის XX საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა ქრისტიანი სტუდენტების საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი.
სქსკ-ს გვჯერა, რომ სწორედ სტუდენტური ენერგიის და შემართების სწორი მიმართულებით წარმართვა იქნება ხვალინდელი საზოგადოების წარმატების საწინდარი. დღევანდელი ახალგაზრდობა და კერძოდ, სტუდენტობა – არის ქვეყნის ხვალინდელი ინტელექტუალური ელიტა. მომავალი ექიმი, მეცნიერი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი და პრეზიდენტიც კი დღეს – სტუდენტია. თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ის დღეს, რა ფასეულობებზე ააგებს თავის ცხოვრებას – გავლენას მოახდენს საზოგადოების ხვალინდელ
დღეზე.
სქსკ – არის “ეკლესიის ხელი” უნივერსიტეტებში. სქსკ-ს მიზანია, რომ სტუდენტები, რომლებიც უკვე იზიარებენ ქრისტიანულ ფასეულობებს გახდნენ “მარილი და ნათელი” თავიანთ სასწავლებლებში. ისინი სწავლობენ ინიციატივის გამოჩენას, აქტიურ მახარობლობას ჯერ უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამუშაო ადგილებზე. სქსკ-ში შეძენილი გამოცდილება ისევ ეკლესიებს უბრუნდება გამოცდილი ლიდერების სახით.
ამრიგად სქსკ-ს აქვს ორი ძირითადი მიზანი:
• გააცნოს
სტუდენტს ქრისტიანული ფასეულობები და დაეხმაროს მას ღმერთთან
დაახლოებაში, ბიბლიის შესწავლის, დისკუსიების, ეკლესიის
არჩევის გზით.
• დაეხმაროს ქრისტიან სტუდენტებს, ემსახურონ ეკლესიას იმით,
რომ თავისი ქრისტიანული ფასეულობებით გავლენა მოახდინონ
საზოგადოებაზე.
საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი ინტერდენომინაციურია
და ღიაა ყველა ქრისტიანულ ეკლესიასთან თანამშრომლობისათვის.
საქართველოში არსებობს 1996 წლიდან და დღეისათვის სტუდენტური
ჯგუფები არსებობენ თბილისში, გორსა და ბათუმში.
სქსკ-ს
წარმომადგენელი
ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი
ტატიანა კოპალეიშვილი












