ნათლობა, წევრობა და წესდება
 



ეკლესიის კანონიკა

სიტყვა ნათლობაზე


“ნათლობა არის ახალი აღთქმის საიდუმლოება, დადგენილი იესო ქრისტეს მიერ და წარმოადგენს არა მარტო მონათლულის საზეიმო შესვლას ხილულ ეკლესიაში, არამედ, აგრეთვე არის მისთვის ნიშანი და ბეჭედი მადლის აღთქმისა, მისი შეერთებისა ქრისტესთან, ხელახლა შობისა, ცოდვათა მიტევებისა, ღმერთისთვის მიძღვნისა იესო ქრისტეს მეოხებით, რათა იაროს განახლებული სიცოცხლის ბილიკებით; ქრისტეს მიერ დადგენილი ეს საიდუმლოება უნდა სრულდებოდეს მის ეკლესიაში წუთისოფლის აღსასრულამდე.”

ვესტმინსტერის აღსარება, თავი 28

1647-1648 წწ.


შეკითხვა 1: ვინ უნდა მოინათლოს?

პასუხი: უნდა მოინათლოს ის, ვისაც მთელი გულით სწამს იესო ქრისტე.


საქმე. 8:35-37

35 გახსნა ფილიპემ ბაგეები, დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ.

36 როცა გზა განაგრძეს, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: “აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?”

37 უთხრა მას ფილიპემ: “თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.” მიუგო და უთხრა მან: “მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.


შეკითხვა 2: რატომ უნდა მოინათლო?

პასუხი: იმიტომ უნდა მოვინათლო, რომ უფალმა იესო ქრისტემ გვიბრძანა ნათლობა.


უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნათლობა არის მცნება და ღვთის დადგენილება, რათა არ შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ნათლობა არის ღვთაებრივი საქმე და არა ადამიანის მიერ გამოგონილი. ახალი აღთქმის წიგნებში ჩვენ ნათლად ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ქრისტეს პირველი მოწაფეები ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ ამ მსახურებას (ანუ ნათლობის მსახურებას). პირველსამოციქულო ეკლესიაში ქრისტეს მცნება ნათლობის შესახებ განუხრელად სრულდებოდა. ხოლო ის, რაც ხდებოდა პირველსამოციქულო ეკლესიაში არის ჩვენთვის, დღევანდელი ეკლესიისათვის ნიმუში და სავალდებულო ძალის მქონე, როგორც წერია ეფეს. 2:20, რომ “ჩვენ დაშენებულნი ვართ მოციქულთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი”. საჭიროა ვიცოდეთ, რომ წყლით ნათლობა არის ქრისტეს მიმართ ჩვენი მოქცევის შემადგენელი. ნათლობით ჩვენ ვაგვირგვინებთ ჩვენ მოქცევას და ვავლენთ მორჩილებას ღვთის წინაშე. ამგვარად, წყლით ნათლობა ჩვენ გვხდის ნამდვილ მორწმუნეებად.


მათ. 28:18-19

18 მივიდა იესო მათთან (მოციქულებთან) და უთხრა: “მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე.

19 ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.


შეკითხვა 3: როდის უნდა მოინათლო?

პასუხი: სინანული და რწმენა წინ უსწრებს ნათლობას. უნდა მოვინათლო მას შემდეგ, როცა მოვინანიებ ჩემს ცოდვებს, მივიღებ გადარჩენას მადლით (უსასყიდლოდ) რწმენის მეშვეობით და მექნება მტკიცე დარწმუნება გულში, რომ მე მიხსნა ღმერთმა.


საქმე. 2:38

38 ...“მოინანიეთ და ყოველი თგვენგანი მოინათლოს“...

მარკ. 16:15,16

15 უთხრა მათ: “მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას.

16 ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება“.

ეფეს. 2:8-9

8 …მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია,

9 არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს.

1 იოან. 5:10-11,13

10 ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა…

11 ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია.

13 ეს მოგწერეთ თქვენ, ღვთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.


შეკითხვა 4: რა არის ნათლობა?

პასუხი: ნათლობა არის ნიშანი ჩვენი ქრისტესთან შეერთებისა, ჩვენი რწმენის საჯარო დადასტურება. ნათლობა განასახიერებს ჩვენს სიკვდილს ქრისტესთან ერთად, მასთან დამარხვას და მასთან აღდგომას ახალი სიცოცხლისათვის. ამასთან ნათლობით ჩვენ ვუერთდებით ქრისტეს ეკლესიას, რომელიც საღვთო წერილში ქრისტეს სხეულად არის წოდებული და ვხდებით ამ სხეულის განუყოფელი ნაწილი. აგრეთვე ნათლობა არის კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირება.


რომ. 6:3-4

3 ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?

4 ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით.

1 კორ. 12:13

13 …ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად…

1 კორ. 12:27

27 თქვენ კი (მოციქული პავლე მიმართავს ქრისტეს მორწმუნეებს რომლებიც მონათლულები იყვნენ) ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები.

1 პეტრ. 3:21

21 …იგი (ნათლობა) ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება…


შეკითხვა 5: როგორ და სად უნდა მოინათლო?

პასუხი: ნათლობა უნდა შესრულდეს წყალში სრული შთაფვლით მამის და ძის და სულიწმიდის სახელით. სიტყვა ნათლობა ძვ. ბერძნულიდან (რომელ ენაზეც დაიწერა ახალი აღთქმის წიგნები) ნიშნავს, ჩაშვებას, ჩაძირვას, ჩაყვინთვას, ჩაფვლას; სწორედ ასეთნაირად ასრულებდნენ ნათლობას ქრისტეს პირველი მოწაფეები.


საქმე. 8:38-39

38 და უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა (ჩაუშვა) იგი.

39 როცა წყლიდან ამოვიდნენ…


ეკლესიის წევრობა


ადამიანის მოქცევა უფალ იესოს მიმართ საღვთო წერილის მიხედვით მოიცავს რამდენიმე ქმედით ნაბიჯს.


უპირველეს ყოვლისა, ეს არის რწმენა და აღიარება იესო ქრისტესი, ანუ სახარების მიღება.


შემდეგ, ეს არის ნათლობა მამის და ძის და სულიწმიდის სახელით.


მონათვლის შედეგად მორწმუნე უერთდება არა მარტო ქრისტეს, არამედ ღვთის ეკლესიას, რომელიც მიწაზე ადგილობრივი ეკლესიების (საკრებულოების, საეკლესიო თემების) სახით არსებობს. მონათლული მორწმუნე თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ადგილობრივ ეკლესიას შეუერთდეს და გახდეს მისი განუყოფელი ნაწილი, ამ ნაბიჯით ის უძღვნის თავს ჯერ უფალს და შემდეგ მის ეკლესიას, რომელიც არის ღვთის ოჯახი, მისი სახლეული. ეკლესიის წევრობით მორწმუნე ხდება არა მარტო თანაზიარი უფლის სიკეთეებისა, არამედ იღებს გარკვეულ ვალდებულებებს.


ბოლოს, მოქცევა გულისხმობს ცხოვრებას რწმენით და უფლის მცნებების შესაბამისად და ეს მუდმივი პროცესია – დაახლოება ღვთის ძესთან და ღვთის ძის ხატების მსგავსად ყოფნა.


წმიდა სამების ეკლესიის წევრობის აღთქმა


წმიდა სამების ეკლესია თავისი (მრევლისგან) წევრებისგან არასოდეს მოითხოვს იმაზე მეტს, რასაც წმიდა ბიბლია ასწავლის. ეკლესია თავისი წევრებისგან მოითხოვს მხოლოდ იმას, რასაც ქრისტიანისგან მოითხოვს საღვთო წერილი. ეს ვალდებულებები დაწერილია წევრობის აღთქმაში.


მწამს და ვაღიარებ იესო ქრისტეს ჩემს უფლად და მხსნელად, მოვინათლე და ვიზიარებ წმიდა სამების ეკლესიის მრწამსს და წესდებას; უფლის ნებით ვუძღვნი თავს ღმერთს და მის ეკლესიას.


ამიტომ ღმერთისა და ეკლესიის სხვა წევრების წინაშე ვდებ აღთქმას:


• დავიცავ ეკლესიის ერთიანობას. 1 კორ. 1:10, რომ. 14:19;

• მეყვარება ეკლესიის სხვა წევრები. 1 პეტრ. 1:22, ეფეს. 4:2;

• არ გავავრცელებ ჭორებს. ეფეს. 4:29, იგავ. 26:28;

• დავემორჩილები ეკლესიის წინამძღოლებს ღვთის სიტყვის ფარგლებში. ებრ. 13:17, 1 პეტრ. 5:5;

• ვილოცებ ეკლესიის ზრდაზე. 1 თეს. 1:1-2, კოლ.4:12;

• მსახურებაზე მოვიწვევ ურწმუნოებს. ლუკ. 14:23, იოან. 1:41;

• გულთბილად შევხვდები ეკლესიის სტუმრებს. რომ. 15:7, რომ. 14:1;

• ჩემი ნიჭისა და ტალანტების აღმოჩენით მოვემზადები მსახურების საქმისათვის. 1 პეტრ.4:10, ეფეს. 4:7;

• დავიცავ ჩემი ეკლესიის მრწამსსა და წესდებას. ფილ. 3:16, 1 კორ. 14:33;

• ერთგულად დავესწრები და მივიღებ მონაწილეობას ეკლესიის მსახურებებში. ებრ. 10:25, ლუკ. 24:53;

• ქრისტეს მადლით ვიცხოვრებ ღვთისმოსაობით. ფილიპ. 1:27, იაკ. 2:17;

• რეგულარულად გავიღებ შესაწირავს უფლისათვის ეკლესიის მეშვეობით. 1 კორ. 16:2; ლევ. 27:30.


შემეწიოს მე ღმერთი


რაზეც ვაწერ ხელს


სახელი, გვარი


რიცხვი, თვე, წელი



წესდება


წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესიის წესდება შედგენილია ღმერთის სიტყვისა და პროტესტანტული ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შესაბამისად.


წესდების მიხედვით თითოეული ადგილობრივი ეკლესია (საეკლესიო თემი) დამოუკიდებელია შიდაეკლესიური ცხოვრების საკითხების გადაჭრაში. ადგილობრივ ეკლესიას მართავს პასტორი (წინამძღვარი) კონსისტორიუმთან (უხუცესთა საბჭოსთან) ერთად. თავად კონსისტორიუმი შედგება ეკლესიის მსახურებისგან. პასტორი და კონსისტორიუმის წევრები არიან არჩეულნი ღმერთის მოწოდებით და დამტკიცებულნი ადგილობრივი ეკლესიის გადაწყვეტილებით.


განსაკუთრებით უნდა ითქვას პროტესტანტული ეკლესიის მსახურებზე. პასტორი არის სიტყვისა და საიდუმლოებების მსახური; მასწავლებელი და ეკლესიის ოფიციალური თეოლოგი; ღვთის ერის სულიერი დამრიგებელი; ასრულებს წირვასა და ლოცვის მსახურებას. პრესვიტერი (უხუცესი) პასუხისმგებელია ეკლესიაში სათანადო ქრისტიანული დისციპლინის დაცვაზე. დიაკონი მოწოდებულია აღასრულოს ქველმოქმედებისა და მოწყალების მსახურება. ასეთია პროტესტანტული ეკლესიის ძირითადი მსახურებები.


დაე, აკურთხოს უფალმა პროტესტანტული ეკლესიები საქართველოში, ცნობილნი თავისი სიყვარულით სახარებისადმი და მოშურნეობით კეთილი საქმეებისადმი. დაე, შეეწიონ ისინი ჩვენს თანამემამულეებს, რომ შეიცნონ ჩვენი მაცხოვრისა და უფლის იესო ქრისტეს მთელი სიმდიდრე სადიდებლად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა! ამინ.


დებულება ადგილობრივი ეკლესიის შესახებ


I. მსახურების წესი


1. თითოეულ ადგილობრივ ეკლესიაში (საეკლესიო თემში) უნდა იყოს სამი სახის მსახურება: სიტყვისა და საიდუმლოებების მსახურება, პრესვიტერის მსახურება და დიაკონის მსახურება. ეს მსახურებები სრულდება სიტყვის მსახურის (ეკლესიის წინამძღვრის - პასტორის), პრესვიტერის (უხუცესის) და დიაკონის მიერ.


2. არავის შეუძლია დაიკავოს არც ერთი მსახურება, თუ არ არის მასზე კანონიერად დაყენებული.


3. არავის შეუძლია იყოს დაყენებული ამ მსახურებებზე, თუ არ მიეკუთვნება ადგილობრივ ეკლესიას.


4. სიტყვის მსახურებაზე კანონიერი დაყენება მოიცავს შემდეგს:

• კონსისტორიუმის (უხუცესთა საბჭოს) მიერ მოწვევას;

• საგამოცდო დროსა და გამოცდას;

• კონსისტორიუმისა და საეკლესიო თემის მიერ დამტკიცებას;

• ორდინაციას (მსახურებაზე კურთხევას).


5. სიტყვის მსახურებაზე მოწვევას ახორციელებს კონსისტორიუმი. გამოცდა ტარდება ქრისტიანული აღმსარებლობის ცოდნაზე, ხოლო საგამოცდო დრო ინიშნება პიროვნული თვისებების შემოწმებაზე. სიტყვისა მსახურებაზე დამტკიცების გადაწყვეტილებას ღებულობს კონსისტორიუმი საეკლესიო თემთან ერთად. ორდინაცია უნდა შესრულდეს საჯარო ღვთისმსახურებაზე ეკლესიის მსახურის (მსახურების) მიერ.


6. საჭიროების შემთხვევაში სიტყვის მსახურებაზე დაიშვებიან პირები თეოლოგიური განათლების გარეშეც.


7. პასტორს არ შეუძლია მიატოვოს საეკლესიო თემი ეკლესიის კონსისტორიუმთან შეუთანხმებლად.


8. სიტყვის მსახური (პასტორი) ასრულებს ნათლობის, ზიარების, კვირადღის, ლოცვის, საღვთო წერილის შესწავლის, ქორწინების და სხვა ღვთისმსახურებებს. ეკლესიის პრესვიტერთან (პრესვიტერებთან) ერთად იცავს სათანადო წესრიგს და ღვთისმოსაობას ეკლესიაში. ისმენს თემის სულიერ საჭიროებებს.


9. პრესვიტერები (უხუცესები), დიაკონები, საეკლესიო ჯგუფების ლიდერები, მგალობლები, საკვირაო სკოლის მასწავლებლები, ხაზინადარი და ეკლესიის სხვა მსახურები ირჩევიან პასტორის მიერ, ან პასტორისგან უფლებამოსილ მსახურთა განსაზღვრული ჯგუფის მიერ განუსაზღვრელი დროით.


10. პასტორი უფლებამოსილია წარმართოს ეკლესიის სახსრები, მეათედები და ნებაყოფლობითი შესაწირავები ეკლესიის საჭიროებებისთვის ან მისიონერული საქმიანობისთვის თვითონ ან თავისი დამხმარეების საშუალებით.


11. პრესვიტერისა და დიაკონის მსახურებაზე დაიშვებიან პირები, რომლებიც იმყოფებიან ეკლესიაში არა ნაკლებ სამი წელი.


12. პრესვიტერისა და დიაკონის მსახურებაზე წარდგენა ხდება საეკლესიო თემის წინაშე. პრესვიტერისა და დიაკონის მსახურებაზე კურთხევა უნდა შესრულდეს საჯარო ღვთისმსახურებაზე ეკლესიის მსახურის (მსახურების) მიერ.


13. პრესვიტერი პასტორთან ერთად მართავს ეკლესიას, იცავს ეკლესიაში ჯეროვან წესრიგს და ღვთისმოსაობას. პრესვიტერი მოწოდებულია განამტკიცოს ეკლესიაში ქრისტიანული მოძღვრება და მორალი.


14. დიაკონი ეხმარება პასტორს და პრესვიტერს მსახურებაში, ამზადებს წმინდა ზიარების ტაბლას, მოწოდებულია საქველმოქმედო და მოწყალების საქმეების მსახურებაზე. აგროვებს მეათედებსა და შესაწირავებს ღვთისმსახურებისას და სხვა დროს. მოინახულებს საეკლესიო თემის წევრებს აუცილებელი დახმარების გასაწევად. დიაკონი პასტორის ან პასტორისგან უფლებამოსილ მსახურთა განსაზღვრული ჯგუფის მითითებით ანაწილებს შემოწირულობას საეკლესიო თემის ხელმოკლე წევრთა შორის. მოუწოდებს საეკლესიო თემის წევრებს ქველმოქმედებისა და მოწყალების საქმეებისკენ. ანგარიშს აბარებს ეკლესიის პასტორს და კონსისტორიუმს შესაწირავების განაწილებაზე.


II. მმართველობის წესი


1. ყველა ადგილობრივ ეკლესიაში უნდა იყოს კონსისტორიუმი (უხუცესთა საბჭო). კონსისტორიუმი მოწოდებულია მართოს საეკლესიო თემის საქმეები; შედგება პასტორისა და პრესვიტერებისგან (უხუცესებისგან). კონსისტორიუმის წევრების რაოდენობა უნდა იყოს არა ნაკლებ სამი. პასტორი თავმჯდომარეობს კონსისტორიუმის კრებას.


2. კონსისტორიუმი ღებულობს გადაწყვეტილებებს საეკლესიო თემის მართვის საკითხებზე, ისმენს დიაკონთა ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ, იწვევს დიაკონებს საჭირბოროტო საკითხების ერთობლივ განხილვაში. კონსისტორიუმის კრება უნდა წარიმართოს ღვთისმოსაობით. კონსისტორიუმის კრება ტარდება არა ნაკლებ სამ თვეში ერთხელ.


3. კონსისტორიუმის გადაწყვეტილებები უნდა სრულდებოდეს მათი გადახედვის ან შეცვლის დრომდე. გადაწყვეტილებების განზრახ შეუსრულებლობა ან მათი საჯარო უარყოფა არის მშვიდობისა და წესრიგის დარღვევა ღვთის ეკლესიაში.


4. ადგილობრივ ეკლესიაში მსახურების უკეთ წარმართვისათვის აუცილებლობის შემთხვევაში კონსისტორიუმის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს დიაკონი.


5. ადგილობრივი ეკლესიის დიაკონები ქმნიან დიაკონატს და იწვევენ სადიაკონო კრებებს.


6. ეკლესიის წევრთა საერთო კრება ტარდება არა ნაკლებ ერთხელ წელიწადში. საერთო კრება ისმენს ეკლესიის მსახურთა ანგარიშს და გამოთქვამს თავის მოსაზრებებს ეკლესიური ცხოვრების საკითხებზე.


III. საეკლესიო დადგენილებები


1. იმისათვის რომ პირი გახდეს ეკლესიის წევრი, აუცილებელია წინასწარ განისწავლოს ქრისტიანულ მოძღვრებაში, გულით ირწმუნოს და ბაგეებით აღიაროს სახარებისეული ხსნა, დაადასტუროს თავისი რწმენა წყლით ნათლობით და დადოს წევრობის აღთქმა. ამის შემდეგ ეკლესიის წევრობის მსურველი გადის კონფირმაციას.


2. კონფირმაცია წარმოადგენს იესო ქრისტეს მორწმუნის ეკლესიის წევრად კურთხევას. კონფირმაცია უნდა სრულდებოდეს საჯარო ღვთისმსახურებაზე.


3. წმინდა ნათლობა სრულდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წინასწარ განსწავლულია ქრისტეს მოძღვრებაში, სწამს და აღიარებს იესო ქრისტეს.


4. წმინდა ზიარების საიდუმლოებაში დაიშვებიან ეკლესიის წევრები, მათ შორის მორწმუნეთა ბავშვები, აგრეთვე იმ ეკლესიების წევრები, რომლებთანაც დამყარებულია სარწმუნოებრივი ურთიერთობა.


5. წმინდა ზიარების საიდუმლოება ტარდება ყოველი თვის პირველ კვირადღეს და ტარდება ღვთისმსახურების წესის შესაბამისად.


6. ეკლესიაში სავალდებულოა შემდეგი დღესასწაულების დაცვა:


• ქრისტეს შობა;

• წითელი პარასკევი;

• ქრისტეს აღდგომა (პასექი);

• ქრისტეს ამაღლება;

• სულთმოფენობა;

• მადლიერების დღე.


ამ დღეებში საჭიროა განსაკუთრებით იქადაგებოდეს უფლის სიტყვა და სრულდებოდეს ლოცვა.


7. ეკლესია აგრეთვე აღნიშნავს სამახსოვრო დღეს:


• რეფორმაციის დღე (31 ოქტომბერი)


8. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეკლესია ნიშნავს ლოცვის დღეებს და მარხვას.


9. სახარების მხარდაჭერისა და გავრცელებისათვის ღმერთმა ქრისტიანებს დაუწესა მეათედი და ნებაყოფლობითი შესაწირავი.


10. ეკლესიაში იწარმოება საეკლესიო წიგნი. წიგნში შეიტანება შემდეგი ჩანაწერები: ეკლესიის წევრთა სახელები, დაბადების თარიღი, ნათლობა, კონფირმაცია, ქორწინება და სხვა.


IV. ღვთისმოსაობის წესი


1. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მათეს სახარების მე-18 თავში გვაჩვენა, თუ როგორ უნდა იყოს დაცული მის ეკლესიაში ქრისტიანული ღვთისმოსაობა.


2. საეკლესიო ზემოქმედების ზომები მიზნად არ ისახავს ეკლესიის წევრის ღირსების დამცირებას, არამედ აუცილებელია შემცოდე წევრის გამოსასწორებლად და მის შესაძენად; აგრეთვე, სხვათა შესაჩერებლად მსგავსი შეცოდებისაგან, ქრისტეს სახელისა და წმიდა სახარების დასაცავად, ღვთის რისხვის თავიდან ასაცილებლად, რომელიც სამართლიანად შეიძლება დაატყდეს ეკლესიას, თუ ღმერთის აღთქმა იბღალება ეკლესიაში ჯიუტი და გამოუსწორებელი ღვთისმგმობელების მიერ.


3. თუ ეკლესიის წევრი არ შეისმენს ძმებისა და დების შეგონებებს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ეკლესიის პასტორს ან კონსისტორიუმს.


4. თუ ეკლესიის წევრმა ჩაიდინა ცოდვა და შეინანა, მაშინ პასტორი, ცოდვის ხასიათის გათვალისწინებით, ღებულობს გადაწყვეტილებას, აუწყოს თუ არა საეკლესიო თემს მომხდარის შესახებ.


5. პასტორს აქვს უფლება არ დაუშვას წმინდა ზიარების საიდუმლოებაში ცოდვაში გაჯიუტებული ეკლესიის წევრი. ასევე, მძიმე ცოდვით შემცოდე და მომნანიებელი ეკლესიის წევრი მაშინვე არ უნდა დაიშვას წმინდა ზიარების საიდუმლოებაში, არამედ რაღაც დროით უნდა იყოს განრიდებული მომხდარის გასააზრებლად და ეკლესიის აღსაშენებლად.


6. მიუხედავად შეგონებებისა, თუ ეკლესიის წევრი არ ინანიებს ჩადენილ ცოდვას, პასტორი იყენებს უკიდურეს საშუალებას – განკვეთას. პასტორი უფლებამოსილია გამოიყენოს ისეთი საეკლესიო დისციპლინური ზომები, როგორიცაა:


ა) საჯარო გაკიცხვა, როდესაც შემცოდე მხილებულ იქნება ეკლესიის წინაშე, მაგრამ რჩება წევრად;


ბ) შემჩნევა, როდესაც დასჯილი კარგავს მისალმების და უფლის სერობაში მონაწილეობის უფლებას, რათა შერცხვეს, თუმცა რჩება ეკლესიის წევრად;


გ) განკვეთა, როგორც დასჯის საბოლოო და უკიდურესი ზომა, როდესაც განდგომილს ჩამოერთმევა ეკლესიის წევრობა. ცოდვაში გაჯიუტებული ეკლესიის წევრის განკვეთა ხდება საჯაროდ თემთან ერთად.


7. თუ ეკლესიიდან განკვეთილი მიმართავს თემს ღია (საჯარო) მონანიებით, ეკლესიის პასტორი გარკვეული დროის განმავლობაში ესაუბრება მას, რათა დარწმუნდეს მისი მონანიების გულწრფელობაში. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ პასტორი კონსისტორიუმთან ერთად განიხილავს საკითხს მომნანიებელი ცოდვილის ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ და საეკლესიო თემთან ერთად აღადგენს მას ეკლესიის წევრად.


8. პასტორი კონსისტორიუმთან ერთად განიხილავს საქმეებს მსახურების მიერ ჩადენილი გადაცდომების შესახებ. პასტორი უფლებამოსილია კონსისტორიუმთან შეთანხმებით გადააყენოს ან შეცვალოს ეკლესიის ნებისმიერი მსახური, თუ ისინი აღმოჩნდებიან არაკომპეტენტურნი ურჩობის ან შეცოდების გამო.


9. ეკლესიის კონსისტორიუმი საეკლესიო თემთან ერთად უფლებამოსილია არ დაემორჩილოს ეკლესიის პასტორს, თუ ის განუდგება სახარების ჭეშმარიტებას ან ღვთის მცნებების საწინააღმდეგო ცხოვრებას დაადგება. პირიქით, კონსისტორიუმი საეკლესიო თემთან ერთად ვალდებულია დადგეს ღმერთის სიტყვის სწავლებისა და ქრისტიანული მორალის სადარაჯოზე, ამხილოს განდგომილებაში მყოფი პასტორი და მოუნანიებლობის შემთხვევაში მოიწვიოს ღირსეული პასტორი ეკლესიაში.


10. ეკლესია მოწოდებულია სიწმიდისაკენ და ვალდებულია განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინოს იმ ცოდვებისადმი, რომლებიც ეხება ქრისტიანულ მოძღვრებას და თავად ეკლესიას, რაც უპირველეს ყოვლისა გამოიხატება: ცრუ მოძღვრების მიმდევრობაში, სქიზმაში (მოქმედება, რომელიც მიმართულია განხეთქილებისკენ), სიმონიაში, მსახურების თვითნებურ მიტოვებაში, ეკლესიის მიერ მინიჭებული უფლებების გადაჭარბებაში და ა.შ.


  

English | Русский 



 


მთავარი | მრწამსი | წინამძღვარი | წირვა | კანონიკა | ბიბლიოთეკა | კონტაქტი

საავტორო უფლება © 2009 - 2017  წმიდა სამების ეკლესია